English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით ნარმანიანინო ზურაშვილი
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური სტრატეგია

კოვიდ 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ დამანგრეველი შედეგები მოუტანა მსოფლიოს. თითქმის შეჩერდაბევრი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რამაც მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისს დაუდო სათავე. ამ პერიოდში მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებმა შეიმუშავეს ეკონომიკური სტრატეგიები, რათა თავიდან აეცილებინათ ან შეემსუბუქებინათ პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგები.
წინამდებარე სტატიაში განხილულია მსოფლიოს სამი განვითარებული ქვეყნის - კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, ეკონომიკური სტრატეგია კოვიდ 19-ის პირობებში.
კანადის მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ სტრატეგიაში, მთავარი აქცენტები ადამიანთა დახმარებაზეა გაკეთებული.
ჩინეთის მთავრობა კი ცდილობდა შეენარჩუნებინა ბიზნესი, რის გამოც მინიმუმამდე შეამცირა გადასახადები და ბუნებრივი რესურსების ღირებულებასაც კი აღარ ახდევინებდა კომპანიებს, თუმცა არ ჰქონია დასაქმებულთა დახმარების პროგრამა.
აშშ კი ცდილობდა თანაბრად გადაენაწილებინა რესურსები და ყურადღება მიეპყრო, როგორც ადამიანთა დახმარებასა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ასევე ბიზნესის გადარჩენასა და ხელშეწყობაზე. სამივე ქვეყანა ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებდა მცირე და საშუალო ბიზნესს.

საკვანძო სიტყვები: კოვიდ 19 პანდემია, კანადა, აშშ, ჩინეთი, ეკონომიკა


შესავალი


კოვიდ19-ის ვირუსით გამოწვეული პანდემია 2020 წლის პირველივე კვარტალში მძიმე ფორმებით გამოვლინდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ თითქმის ყველა სახეობის ინდუსტრია. ბიზნესების მასობრივად გაჩერება გახდა ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი. კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად და ბიზნესის ხელშესაწყობად, განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა შეიმუშავეს ბიზნესისა და დასაქმებულთა ხელშემწყობი ეკონომიკური პროგრამები. ამ პროგრამების ძირითად მიზანს წარმოადგენდა შენარჩუნებულიყო სამუშაო ადგილები, ფუნქციონირება გაეგრძელებინათ მცირე და საშუალო ბიზნესს.
წინამდებარე სტატიის მიზანია მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკური სტრატეგიების მიმოხილვა და ანალიზი.
კვლევის ძირითად მეთოდს წარმოადგენს სამაგიდო კვლევა, დაკვირვების მეთოდი და მეორადი კვლევის მეთოდი. აღნიშნული კვლევის მეთოდების ფარგლებში მოძიებულ და გადამუშავებულ იქნა სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია და ეკონომიკური სტრატეგია, რაც გააჩნდათ კვლევის ობიექტებს.
კვლევის ობიექტებია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები: კანადა, აშშ, ჩინეთი. აღნიშნული ქვეყნები შეირჩა იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ გააჩნიათ დაახლოებით მსგავსი ზომის ეკონომიკა და ამასთანავე, ამ ქვეყნებმა მიიღეს ყველაზე დიდი ზიანი კოვიდ პანდემიის შედეგად. შესაბამისად, დაინტერესებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა სტრატეგიები შეიმუშავეს ამ ქვეყნების მთავრობებმა, არსებული ზიანის შესამსუბუქებლად.
კანადის მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური პროგრამა აღმოჩნდა ძალზე ეფექტური. ქვეყნის მთავარმა ეკონომისტებმა გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა რაც შეიძლება მცირე ზიანი მიეღო ქვეყნის ეკონომიკას და მალევე შეძლებოდა ჯანსაღი ფუნქციონირების გაგრძელება. ეკონომიკური პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენდა მოქალაქეები, მცირე და საშუალო ბიზნესი. მოქალაქეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ვინც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა შემოსავალი, ან რაიმე სხვა კრიტერიუმით აკმაყოფილებდა მთავრობის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს, გაიცემოდა ყოველკვირეულად 500$. მთავრობა ეხმარებოდა იმ ადამიანებსაც, ვინც არ იყვნენ დასაქმებულნი და სრულიად უსახსროდ აღმოჩნდნენ პანდემიის დროს.
პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, აეღოთ ძალზედ დაბალპროცენტიანი სესხები ბიზნესის შესანარჩუნებლად. ეკონომიკურ პროგრამაში თანხები გადანაწილდა პრიორიტეტების მიხედვით. სამთავრობო პრიორიტეტებს წარმოადგენდა: სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, კულტურა და სპორტი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა.
აშშ-ის დანაკარგები უდიდესი იყო კოვიდ პანდემიის პირობებში. მთავრობამ შეიმუშავა ეკონომიკური პროგრამა, რომლის პრიორიტეტს ასევე წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესი.
აშშ-მ ისევე როგორც კანადამ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო. ასეთ პირებს ყოველკვირეულად გადაეცემოდათ 300$. პროგრამა დამტკიცებული იყო 2021 წლის 6 სექტემბრამდე.
მთავრობამ დაფინანსება გამოყო იმ პირებისთვისაც, ვინც იყვნენ თვითდასაქმებულნი, ან ინტერნეტის მეშვეობით იღებდნენ შემოსავალს. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, გამოიყო 16 მლრდ დოლარის გრანტი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ფუნქციონირებდნენ კოვიდაქტიურ შტატებში.
პანდემიამ სათავე აიღო ჩინეთში, შესაბამისად ეს იყო ქვეყანა, რომელსაც უნდა მიეღო ყველაზე დიდი ზიანი, თუმცა, ქვეყნის ნიჭიერი ეკონომისტების მიერ შემუშავებული ეკონომიკური პროგრამის მეშვეობით, პანდემია გამოიყენეს ეკონომიკური პოზიციების განსამტკიცებლად. მთავრობის მიზანს წარმოადგენდა, ბაზრის ლიკვიდურობის შენარჩუნება, კაპიტალსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის არსებობა, რისთვისაც გამარტივდა მიკრო ბიზნესების დაფინანსება. ჩინეთის სახალხო ბანკი, კოვიდ პანდემიის ყველაზე აქტიურ ფაზაშიც კი, გასცემდა სესხებს სტარტაპებისთვის.2020 წლის მარტში ფინანსთა სამინისტრომ გამოყო 110,48 მლრდ იენი,(16.04.2021კურსით 16,87 მლრდ დოლარი), რათა შემსუბუქებულიყო პანდემიით გამოწვეული ზიანი.
პროგრამის მიხედვით, დიდი ყურადღება ეთმობოდა მანუფაქტურის, მომსახურებისა და საცალო ვაჭრობის ბიზნესსექტორების გადარჩენას. ამ მიზნით მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილს გადასახადები მინიმუმამდე შეუმცირა, გარკვეულ ნაწილს კი საერთოდ მოუხსნა ის.
მთავრობამ მოახდინა, განსაკუთრებით დაზარალებულ რაიონებში, დასაქმებულთა ხელფასების სუბსიდირება. მაშინ როდესაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ეკონომიკებს კეტავდნენ, ჩინეთმა გახსნა საფონდო ბირჟა. მთავრობის მოთხოვნით, ბიზნესს შეღავათიან ფასად მიეწოდებოდა ელენერგია და სხვა ბუნებრივი რესურსები. 2020წლის მარტში ჩინეთმა შიდა საჰაერო მიმოსვლა განაახლა. მთავრობამ წამოიწყო შიდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შეეწყო ადგილობრივი კომპანიებისთვის და წინასწარ შეექმნა მოსახერხებელი საინვესტიციო გარემო.
მსოფლიო დღემდე ჩართულია ომში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ. მთავრობები ყველა ღონეს ხმარობენ გადაარჩინონ საკუთარი ეკონომიკა, ვინაიდან პანდემიის შემდეგ თავიდან მოხდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე.

კანადის მთავრობის ეკონომიკური სტრატეგია
კოვიდ 19-ის პირობებში

კორონა ვირუსის პანდემიის გამოცხადებისთანავე კანადის მთავრობამ მყისიერი დახმარება აღმოუჩინა როგორც მოქალაქეებს ასევე ბიზნესს. მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა უმუშევართა დასახმარებლად. პროგრამას ეწოდება „მუშაობის დაზღვევა“. ამ პროგრამის ფარგლებში მთავრობა ეხმარებოდა იმ მოქალაქეებს, ვისაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა. 2020 წლის 27 სექტემბრიდან უმუშევრობის დაზღვევის პროგრამის ფარგლებში იღებენ დახმარებას 500$ ყოველ კვირაში. უმუშევართა დაზღვევის მიღება მოქალაქეებს შეეძლოთ სხვადასხვა პირობის დაკმაყოფილების შემდგომ. კერძოდ კი, როდესაც დასაქმებულმა დაკარგა სამუშაო ადგილი პანდემიის გამო, სამუშაო ადგილი დაიკარგა ავადმყოფობის გამო, ვეღარ აგრძელებს მუშაობას ორსულობისა და მშობიარობის გამო, თუ ის უვლის ოჯახის წევრს, რომელიც არის ავადმყოფი და სჭირდება მეთვალყურეობა, თუ პირი იყო თვითდასაქმებული და ბიზნესი ჩაუვარდა პანდემიის გამო. ამ პროგრამაში ჩართვის საშუალება ჰქონდათ კანადის იმ მოქალაქეებსაც, ვინც ცხოვრობენ საზღვარგარეთ.
სამთავრობო პროგრამის მიხედვით დახმარება ყოველ კვირა 500$-ის ოდენობით მიეცემოდათ 38 კვირის მანძილზე იმ დასაქმებულებსაც, ვისი შემოსავალი 50%-ით შემცირდა პანდემიის გამო, ვინც ვერ აკმაყოფილებდა პირობებს უნდა მიეღო უმუშევრობის დაზღვევა.

მთავრობის პროგრამის მიხედვით დახმარება ყოველ კვირა 500$-ის ოდენობით 4 კვირის განმავლობაში მიეცემოდათ იმ დასაქმებულებსაც, ვინც თვითიზოლაციის გამო დაკარგა სამუშაო ან შეუმცირდა შემოსავალი.

დახმარება მიეცემოდათ 38 კვირის მანძილზე იმ დასაქმებულებს, ვისაც ჰყავდა ბავშვი 12 წლამდე ასაკის ან ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სამუშაოზე გასვლა.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო ვალის გადახდა მოვალეებისთვის გარკვეული პერიოდის მანძილზე. შეჩერების ვადა განისაზღვრა თავად მოვალისა და მსესხებლის მიერ, ხოლო შეჩერების პერიოდში კი სესხს დაეკისრებოდა მინიმალური პროცენტი, რომელიც გადანაწილდებოდა გადახდის პერიოდზე.
კანადის მთავრობამ შეიმუშავა დახმარების პროგრამები ქვეყნის ტერიტორიული ერთეულებისთვის ინდივიდუალურად. ამ პროგრამების ფარგლებში მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას გაიღოს ხარჯები საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის, ბავშვებისთვის საჭირო საკვებისთვის, ტრანსპორტირებისთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენდა, მოქალაქის მიერ იმის დამტკიცება, რომ რეალურად საჭიროებდა დახმარებას და აკმაყოფილებდა სამთავრობო პროგრამის მოთხოვნებს. მოთხოვნები კი როგორც უკვე აღვწერეთ, იყო საკმაოდ ფართო და რომელიმე კატეგორიაში მოხვედრა მარტივად არის შესაძლებელი.
კანადის ფინანსთა სამინისტრომ, იმისთვის რომ შეენარჩუნებინა მილიონობით სამუშაო ადგილი, მიიღო გადაწყვეტილება, მოეხდინა დასაქმებულთა ხელფასის სუბსიდირება 75%-ით. პრემიერ - მინისტრის განცხადებით, სუბსიდირების აღნიშნული პროგრამა ასევე ამუშავდა 2021 წლის 14 მარტიდან 5 ივნისამდე. ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა ხელფასის 75% იყო სუბსიდირებული მთავრობის მიერ. ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის კომპანიებმა შეავსეს აპლიკაცია ონლაინ პლატფორმაზე, რის შემდეგ შესაბამისმა სტრუქტურებმა მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღება კი ხდება კომპანიის არსებული შემოსავლების შედარების საფუძველზე წინა წლების მონაცემებთან (პანდემიამდე პერიოდში) მიმართებით. თუ შემოსავლები მკვეთრად შემცირებულია და კომპანიას აღარ შეეძლო ხელფასების გადახდა, მთავრობა ახდენდა მისი თანამშრომლების ხელფასების სუბსიდირებას.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით კანადის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესი. სწორედ ეს ასულდგმულებს ეკონომიკას. აღნიშნული პროგრამა კი აღმოჩნდა ძალზედ ეფექტური მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენისთვის.
2021 წლის 21 თებერვლამდე პროგრამის ფარგლებში მთავრობამ მოახდინა 66 მლრდ დოლარის სუბსიდირება. აღნიშნულ პროგრამაში 2020 წლის ნოემბრის შემდგომ ჩართო 129 000 კომპანია.
კანადის მთავრობა არც ამ პროგრამაზე გაჩერებულა, მთავრობამ დაიწყო უპროცენტო სესხების გაცემა 60 000 დოლარამდე მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად. აღსანიშნავია, რომ ამ სესხების დაბრუნება გადადო მთავრობამ იმ კომპანიებისთვის, ვისაც არ ჰქონდათ მზარდი შემოსავალი ან შემოსავალი შეუმცირდა პანდემიის გამო. მთავრობა გასცემდა უპროცენტო სესხებს 20 000დოლარამდე, რომლის 50%-ს არ ახდევინებდნენ მსესხებელს, თუ მის ნახევარს გადაიხდიდა 2022 წლის 31 დეკემბრამდე. პროგრამები ძალაში იყო 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა ბიზნესის იმ ინდუსტრიებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა კოვიდ 19-ის პანდემიის დროს. ბიზნესებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დაბალპროცენტიანი სესხები 25 000$-დან 1 მლნ დოლარამდე. ყველაზე დაზარალებულ ბიზნეს ინდუსტრიებად აღიარებულ იქნა ტურიზმი, სასტუმროები და რესტორნები, გასართობი ინდუსტრია.
ბიზნესის ხელშეწყობის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ კომპანიებს, რომლებიც ახდენენ წარმოებული პროდუქტის ექსპორტირებას და წარმოადგენენ მცირე ან საშუალო ორგანიზაციებს.
მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა - „სესხის ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, რომლის მიხედითაც ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულნი არიან გასცენ სესხები მცირე და საშუალო ბიზნესოპერატორებზე დამატებითი ხარჯების გარეშე. უპირატესობა ენიჭებოდათ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებდნენ პროდუქციის ექსპორტს.
ქვეყნის ეკონომიკური პროგრამის მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა რეგიონში და არ არიან განთავსებული დიდ ქალაქებში. აღნიშნული ემსახურებოდა თითოეული რეგიონის ეკონომიკის ლოკალურ განვითარებას.


კანადის მთავრობამ გამოყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი სექტორები. ესენია:
• სოფლის მეურნეობა
• მეთევზეობა
• კულტურა და სპორტი
• ენერგეტიკა
• ტრანსპორტი
• ინფრასტრუქტურა.


სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის პირობებში პანდემიის პერიოდში მოხდა 5 მლრდ დოლარის სესხის გაცემა როგორც კომპანიებზე, ასევე ცალკეულ ფერმერებსა და შინა მეურნეობებზე.
მეთევზეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში პანდემიის დროს გაიცა 62,5 მლნ დოლარი. ამასთანავე, მთავრობა დაეხმარა კომპანიებს მოემარაგებინათ შესაბამისი დანადგარები რათა გაუყიდავი პროდუქტი უვნებლად შეენახათ.
კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადება - მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ვერ შეძლო არსებითი ზომების მიღება მუსიკოსების, მსახიობებისა და ხელოვნების სხვა მუშაკების მიმართ. მათ დაფინანსება მიიღეს როგორც დასაქმებულებმა, ვინც დაკარგა სამსახური. კანადის კულტურის მინისტრმა 2021 წლის 2 მარტს გაავრცელა განცხადება რომ 2021-2022 წლების მანძილზე ქვეყანა გეგმავდა ხელოვნების მიმართულებით 181,5 მლნ დოლარის ინვესტირებას, ხოლო მეცნიერების სტიმულირებისთვის კი 66 მლნ დოლარი დაიხარჯებოდა. კერძოდ, კი ეს თანხა განაწილდებოდა ახალგაზრდა მკვლევართა შორის.
პანდემიის პირობებში კანადის მთავრობამ მხოლოდ 40 მლნ დოლარის გამოყოფა შეძლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის, თუმცა, მომავალში იგეგმება დამატებითი თანხების გამოყოფა ამ მიმართულებით.
კანადის მთავრობის ეკონომიკური პროგრამა პანდემიის პირობებში არის ყოვლისმომცველი, მოიცავს ყველა ინდუსტრიას. ამავე დროს პროგრამა ორიენტირებულია არამხოლოდ ბიზნესზე, არამედ, პირველ რიგში, მოქალაქეებზე. სამთავრობო პროგრამაში სწორად არის დალაგებული პრიორიტეტები, რის შედეგსაც წარმოადგენს მილიონობით სამუშაო ადგილის შენარჩუნება, მრავალი კომპანიის გადარჩენა.

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური
სტრატეგია კოვიდ 19-ის პირობებში

აშშ - მა მიიღო უდიდესი ზიანი კოვიდ პანდემიის დროს. დაზარალდა არამხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობა, არამედ გარკვეული პერიოდით, თითქმის შეჩერდა ქვეყნის ეკონომიკა. მრავალი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, დაიხურა ბევრი კომპანია. აშშ-ის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა „უმუშევართა დაზღვევა“.
აღნიშნული პროგრამა ჰგავს კანადის მთავრობის მიერ შემუშვებულ პროგრამას და გულისხმობს ყოველკვირეულ ანაზღაურებას იმ ინდივიდებისთვის, ვინც დარჩა უმუშევარი და ვინც აკმაყოფილებს პროგრამის გარკვეულ მოთხოვნებს. პროგრამა ფუნქციონირებას განაგრძნობდა 2021 წლის 6 სექტემბრამდე. ყოველკვირეული ანაზღაურება, კანადური პროგრამისგან განსხვავებით, შეადგენდა მხოლოდ 300$.
ამასთანავე, თითოეულ შტატს გააჩნია თავისი სისტემა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს უმუშევრობის დაზღვევის თანხა. თითოეულ შტატს გააჩნია თავისი ვებგვერდი, სადაც უმუშევრად დარჩენილი პირი ჩაერთვება პროგრამაში ონლაინ. ის პირები, ვინც იყვნენ თვითდასაქმებულნი ან ინტერნეტის მეშვეობით იღებდნენ შემოსავალს, ხოლო პანდემიის დროს კი დაკარგეს ის, ჩაერთვნენ სპეციალურ პროგრამაში „პანდემიის უმუშევრობის ასისტენტი“, რაც ძალიან ჰგავს უმუშევრობის დაზღვევის პროგრამას და ასევე განსაზღვრულია სხვადასხვა შტატის მიერ ინდივიდუალურად.
2020 წლის დეკემბრის თვიდან დამატებით 100 $ გაიცემა ყოველკვირეულად იმ ადამიანებზე, ვინც წლის მანძილზე გამოიმუშავებდა 5000$-ს მაინც, მაგრამ პანდემიის გამო ეს შემოსავალი დაკარგა. აღნიშნული ემატება ყოველკვირეულად ასანაზღაურებელ 300$-ს. მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების მიზნით აშშ-ს, კანადის მსგავსად, გააჩნია პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კომპანიებს ეპატიოთ მცირე სესხები, რომლებსაც აიღებენ თანამშრომელთა ხელფასების გადახდის მიზნით. თუმცა, კანადის პროგრამა მეტად ხელმისაწვდომია და უფრო ეფექტური, ვინაიდან გულისხმობს სახელმწიფოს უშუალო თანამონაწილეობას.
ამ პროგრამის მიხედვით სესხის პატიება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ 8-დან 24 კვირის განმავლობაში კომპანია არ გაათავისუფლებს კადრებს და არც მათ ანაზღაურებას შეამცირებს. კომპანიას მხოლოდ ერთხელ შეუძლია ასეთი სესხის აღება. მან უნდა ითხოვოს სესხის პატიება მისი აღებიდან 10 თვის მანძილზე.
აშშ-ს აქვს სესხების პროგრამა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებმაც განიცადეს ზარალი პანდემიის პერიოდში. სესხის აღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის დარგშიც და ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს. მთავარი მოთხოვნაა, კომპანიებმა შეძლონ იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რეალურად მოხდა თუ არა მათი შემოსავლების შემცირება.
სესხის მაქსიმალური რაოდენობა არის 500 000 $, თუმცა არსებობს მათი გაზრდის შესაძლებლობა ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე. სესხისათვის ბიზნესკომპანიებისთვის გადასახდელი არის 3,75%, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის - 2,75%, ხანგრძლივობა - 30 წელი, სესხი გაიცემა დამატებითი საკომისიოებისა და გადასახადების გარეშე. მსესხებელს შეუძლია ნებისმიერ დროს დააბრუნოს სესხი, მისი პატიება კი არ მოხდება.
აშშ-ის ყველა შტატში სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედ კომპანიებსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ უფლება აიღონ დაბალპროცენტიანი სესხები.
აშშ-ის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური მხარდაჭერა ექნება იმ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნქციონირებდნენ კოვიდაქტიურ ტერიტორიებზე, სადაც განსაკუთრებით მკაცრი იყო რეგულაციები.
ამ პროგრამის ფარგლებში აპლიკანტებს შეეძლოთ მიეღოთ თავიანთი წლიური შემოსავლის 45%. გრანტის მაქსიმალურ ოდენობა 10 მლნ დოლარია. მათ შორის 2 მლრდ დოლარი უკვე დაჯავშნილი იყო კომპანიების მიერ.
პროგრამაში ჩასართავად შემდეგი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა კომპანიას:
• მუშა პროცესში უნდა ყოფილიყო 2020 წლის 29 თებერვლისთვის
• 2020 წლის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კვარტალში შემოსული შემოსავალი 25%-ით უნდა იყოს შემცირებული წინა წლის (2019) ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით
• კომპანია არ უნდა იყოს ისეთი ორგანიზაციის მფლობელობაში, რომელიც ფუნქციონირებს ასევე სხვა ქვეყნებში
• კომპანია არ უნდა ფუნქციონირებდეს აშშ-ის 10 შტატზე მეტში
• 2020 წლის 29 თებერვლისთვის კომპანიას უნდა ჰყოლოდა 500-ზე მეტი სრული სამუშაო დღით დასაქმებული პირი.
აშშ-ის პროგრამის მიხედვით, მიკროსესხებზე მსესხებლებს მიეცათ შესაძლებლობა არ გადაეხადათ სესხი. მათ არ დაეკისრებოდათ ჯარიმები, ხოლო გადადებული დროის მიხედვით მცირე პროცენტი გადანაწილდებოდა სესხის ხანგრძლივობაზე. ამასთანავე, მსესხებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩვეულებრივად გაეგრძელებინათ სესხების გადახდა.
სესხის გადადება შესაძლებელი იყო იმ პირებისთვის, ვინც პირადი სარგებლობისთვის შეიძინა სახლი ან მიწა. თუმცა, მათ ჩვეულებრივ დაეკისრებოდათ თვიური პროცენტი, რომლის გადახდაც მოუწევთ მომავალში, სესხის ძირის დაფარვასთან ერთად.
როგორც ვხედავთ, საკმაოდ კომპლექსურია აშშ-ის დახმარების პროგრამა როგორც მოქალაქეების მიმართ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოამდგენლებისთვის.

ჩინეთის ეკონომიკური სტრატეგია კოვიდ 19-ის პირობებში

კოვიდ 19 პანდემიის პირობებში, აშშ-სთან ერთად, დიდი ზიანი მიიღო ჩინეთმა. ამ ქვეყანამ შეძლო შეეჩერებინა ვირუსის გავრცელება, ეს კი მოახერხა განსაკუთრებით მკაცრი პოლიტიკის შედეგად. ქვეყნის მთავრობამ შეიმუშავა სხვადასხვა ტიპის სტრატეგია ეკონომიკის დასაცავად. მან გაატარა როგორც ფისკალური, მონეტარული, ფინანსური, სავაჭრო, პროდუქციისა და სამუშაო ძალასთან დაკავშირებული პოლიტიკა. მთავრობის მიზანს წარმოადგენდა შეენარჩუნებინათ ბაზრის ლიკვიდურება და ხელმისაწვდომობა კაპიტალსა და ფინანსურ რესურსებზე. ჩინეთის სახალხო ბანკმა გაამარტივა კრედიტზე მისაწვდომობა. ამასთანავე, ჩინეთის ფინანსურმა ინსტიტუტებმა იმუშავეს, რათა შეენარჩუნებინათ საშუალო და მცირე ბიზნესები. პანდემიის პირობებშიც კი ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები განაგრძობდნენ მიკრო ბიზნესების დაფინანსებასა და ხელშეწყობას.
2020 წლის 4 მარტს ფინანსთა სამინისტრომ გამოყო 110,48 მლრდ იუანი, რომელიც ემსახურებოდა ეპიდემიით გამოწვეული ზიანის აცილებას და კონტროლს. აქედან 71,43 მლრდ იუანი უკვე გამოყენებულია.
პანდემიის მიმდინარეობის პერიოდში მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა, რათა შეენარჩუნებინათ მანუფაქტურა, მომსახურებისა და საცალო ვაჭრების სექტორები.
მთავრობამ იმისთვის რომ მიეცა სტიმული მწარმოებლებისთვის, შეამცირა გადასახადები, ხოლო გარკვეულ სექტორებში - საერთოდ გააუქმა. ეს ეხებოდა სამედიცინო სფეროს, ტრანსპორტსა და სხვა პირველადი საჭიროების მომწოდებელ ინსდუსტრიებს. გადასახადების გაუქმება შეეხო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, სასტუმროს ინდუსტრიას, გასართობ ინდუსტრიას. მთავრობამ მოახდინა იმ მწარმოებლების სუბსიდირება ვინც აწარმოებდა პროდუქციას, რომელიც გამოიყენებოდა ვირუსის თავიდან ასაცილებლად (პირბადეები, ხელთათმანი, ფარი, სადეზინფექციო ხსნარები და ა.შ.). მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიხედვით, შემცირდა ან დროებით შეჩერდა მიწისა და შენობის ფლობის გადასახადები მნიშვნელოვნად აუცილებელი ან დაზარალებული ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის.
სამთავრობო პოლიტიკის მიხედვით, ჩინეთის სახალხო ბანკმა, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის ცენტრალურ ბანკს, შეუჩერა პროცენტების გადახდა კრიტიკულად მნიშვნელოვან ინდუსტრიებს. ასევე შეუმცირა პროცენტები სხვა ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩინეთის სახალხო ბანკის დავალებით, სხვა კომერციული ბანკებიც ვალდებულნი იყვნენ გადაევადებინათ სესხების გადახდა. ამასთანავე, ჩინეთის ბანკების რეგულაციის კომისიამ მოსთხოვა კომერციულ ბანკებს, არაკომერციული პირებისთვისაც გადაევადებინა პროცენტების გადახდა სამომხმარებლო სესხებზე, ხოლო გადაუხდელობის გამო სახლებიდან გამოსახლება ან დაყადაღება შეჩერდა.
მთავრობის პოლიტიკა ითვალისწინებდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებასაც, რის გამოც ზოგიერთ რეგიონსა და დიდ ქალაქში, მაგალითად, შანხაი, საწარმოები აღარ იხდიდნენ დასაქმებულთა დაზღვევას და მათ მიიღეს სუბსიდია მთავრობისგან გადაეხადათ ხელფასი დაქირავებულთათვის, მაშინაც როცა შეჩერებული იყო მუშაობა. ეს შეეხო მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებმაც პერსონალი არ გაათავისუფლა.
ჯერ კიდევ ეპიდემიას არ ჰქონდა მიღწეული პიკისთვის, როდესაც ჩინეთის ეკონომისტებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ გადაეტვირთათ ეკონომიკა და მიეცათ სტიმული ბიზნესისთვის აქტიურად ამუშავებულიყო. ამ მიზნიდან გამომდინარე, ეკონომისტემა შეიმუშავეს ფისკალური, მონეტარული, ფინანსური, საცალო ვაჭრობის, პროდუქციისა და მომსახურების პოლიტიკის სრული პაკეტი.
2020 წლის 2 თებერვალს ამუშავდა საფონდო ბირჟა, რაც დადებითი სიგნალი იყო ბაზრისთვის. ამ ქმედებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის ლიკვიდურობის ზრდას. მთავრობა სრულიად აცნობიერებდა რისკებს და ახორციელებდა მკაცრ კონტროლს ვირუსის გავრცელების ასაცილებლად.
მთავრობამ გადასახადებისგან სრულიად გაათავისუფლა კრიტიკულ ზონაში მომუშავე კომპანიები, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი ელექტროენერგიისა და წყლის მომწოდებელ კომპანიებს დაავალა დაბალ ფასად მიეწოდებინათ ეს რესურსები. ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ჩინეთმა განაახლა შიდა ფრენები, რათა ავია ბიზნესისთვის აღმოეჩინა დახმარება. ამასთანავე, მთავრობამ მოახდინა ავიაკომპანიების სუბსიდირება, რათა აღედგინათ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.
12 მარტს საბანკო სექტორმა 1,4 ტრლნ იუანის კრედიტი გასცა ეკონომიკის მხარდასაჭერად. ჩინეთის სხვადასხვა სამინისტრომ შიდა მოთხოვნის გასააქტიურებლად ინვესტიციები განახორციელა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. პრიორიტეტს წარმოადგენდა IT ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და ელექტრო-ენერგია. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა სტიმულის მიცემა ადგილობრივი შიდა ბაზრისთვის და ამასთანავე, მოსახერხებელი პირობების შექმნა საერთაშორისო კომპანიებისთვის, დაეწყოთ ფუნქციონირება ჩინეთში.
ცენტრალურმა მთავრობამ განახორციელა სხვადასხვა პოლიტიკა, რათა დაესტაბილურებინა საერთაშორისო ვაჭრობა და უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში გაგრძელებულიყო. ის კომპანიები რომლებიც ახორციელებდნენ ექსპორტს, გათავისუფლდნენ ან შეუმცირდათ გადასახადები. ფინანსური ინსტიტუტები კი გასცემდნენ კრედიტებს დაზღვევის გარეშე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
მეცნიერ ZHU-ს მიერ, ცინგუასა და პეკინის უნივერსიტეტებთან ერთად, ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ მცირე და საშუალო კომპანიების 85%-ზე მეტი ვერ იარსებებდა 3 თვეზე მეტ ხანს პანდემიის პერიოდში. მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის საშუალებით, იქნებოდა ეს საპროცენტო განაკვეთების შემცირება, სესხების გადავადება, გადასახადების შემცირება ან გაუქმება, კომპანიებს გადარჩენის საშუალება მისცა.
ჩინეთის მთავრობამ დამატებითი ბენეფიტები დააწესა ინტერნეტ და IT ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიებისთვის, კერძოდ კი მოთხოვნა გაიზარდა მათ პროდუქტზე, ვინაიდან მთავრობის რეგულაცია გულისხმობდა თითოეული ტრანზაქციის განხორციელებას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. ამან კომპანიებს გაზრდის საშუალება მისცა, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, რომ შესაძლებლობა ჰქონდათ აეღოთ იაფი სესხები.
ჩინეთის მთავრობამ გააკეთა ყველაფერი რათა, გადაერჩინა მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს. ასეთმა კოორდინირებულმა მუშაობამ და ეფექტიანმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი გამოიღო.


დ ა ს კ ვ ნ ა

კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია, რომელიც 2020 წელს დაატყდა თავს მსოფლიოს, დამანგრეველი შედეგების მქონე აღმოჩნდა არამხოლოდ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით, არამედ ძალიან დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა მსოფლიოს. კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია ეკონომიკური კრიზისის წარმოშობის მიზეზი გახდა. მსოფლიოს მთავრობებმა თავიანთი ქვეყნების ეკონომიკები დროებით „დააპაუზეს“. მეორე მხრივ, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები ცდილობდნენ შეემუშავებინათ ისეთი ეკონომიკური სტრატეგიები, რაც საშუალებას მისცემდა ეკონომიკას, პანდემიის შემდეგ უფრო მცირე დანაკარგებით გაეგრძელებინა ფუნქციონირება.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კანადის მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაში განსაკუთრებული როლი უჭირავს და დიდი მნიშვნელობა ენიჭება უშუალოდ ადამიანკაპიტალს. მთავრობა გასცემდა ყოველკვირეულ ფინანსურ დახმარებას 500$-ის ოდენობით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო იმ პერიოდში. აშშ-საც კი მხოლოდ 300 $ ჰქონდა გამოყოფილი, ხოლო ჩინეთს კი ასეთი დახმარება საერთოდ არ გააჩნდა.
კანადის მთავრობის აქცენტი მოქალაქის კეთილდღეობაზე რომ იყო კონცენტრირებული, იმ ფაქტითაც გამოვლინდა, რომ პანდემიის პერიოდში მსესხებლებს შეუჩერდათ ვალის გადახდის ვალდებულება. ამასთანავე, მთავრობის პროგრამის მიხედვით, დახმარების მიღება შეეძლო ნებისმიერ პირს, ვინც საჭიროებდა.
ამ მიმართულებით აშშ-იც აქტიურ პოლიტიკას ატარებდა. მოქალაქეების დახმარების მიზნით, თითოეულმა შტატმა შეიმუშავა პროგრამა, რითაც მთავრობა ეხმარებოდა თვითდასაქმებულებს და იმ პირებს, ვინც ონლაინ სამუშაოთი იღებდა შემოსავალს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობას განსაკუთრებული ყურადღება არ გაუმახვილებია ადამიანურ ფაქტორზე, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ მოახდინა ხელფასების სუბსიდირება გარკვეულ ეტაპზე, პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში.
კანადა, აშშ და ჩინეთი ორიენტირებული იყვნენ მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნებაზე. ამ მიზნით, ეროვნული ბანკები უპროცენტოდ გასცემდნენ სესხებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. კომპანიებს სთავაზობდნენ დასაქმებულთა ხელფასების სუბსიდირებასა და გადასახადების მინიმალურ დონეზე დაწევას.
კანადა, აშშ და ჩინეთი ცდილობდნენ ეკონომიკური თვალსაზრისით მეტი დახმარება გაეწიათ პანდემიით ყველაზე დაზარალებული ბიზნესინდუსტრიებისთვის, როგორიც იყო ტურიზმი, სარესტორნე, სასტუმრო, გასართობი და მასთან დაკავშირებული ბიზნესდარგები.
კანადის მთავრობამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად, ხოლო ჩინეთის მთავრობამ კი პანდემიის პირობებში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო - მაშინ როდესაც მსოფლიოში არც ერთი თვითმფრინავი აღარ დაფრინავდა, ჩინეთმა შიდა ფრენები განაახლა.
განვითარებული ქვეყნების მთავრობების მიერ შემუშავებული ეკონომიკური სტრატეგიების ეფექტიანობის შეფასება ჯერ კიდევ ადრეა, ვინაიდან პანდემია დასრულებულად არ არის გამოცხადებული, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კი გრძელდება ეკონომიკური კრიზისი და ხალხთა მასობრივი მიგრაცია.


References:


https://www.canada.ca/en/services/benefits/ei.html last seen: 15 september 2021
https://www.canada.ca/en/canadian-heritage/services/funding/arts-events-covid.html last seen 16 september 2021
https://www.careeronestop.org/LocalHelp/UnemploymentBenefits/unemployment-benefits-finder-help.aspx last seen 1 october 2021
https://www.sba.gov/funding-programs/loans/covid-19-relief-options/paycheck-protection-program/ppp-loan-forgiveness last seen 3 october 2021
https://www.sba.gov/document/report-sba-covid-relief-program-report last seen 5 october 2021
https://www.sba.gov/funding-programs/loans/covid-19-relief-options/shuttered-venue-operators-grant last seen 6 october 2021
https://www.sba.gov/funding-programs/loans/covid-19-relief-options/covid-19-economic-injury-disaster-loan#section-header-0 last seen 5 october 2021
https://voxeu.org/article/saving-china-coronavirus-and-economic-meltdown-experiences-and-lessons last seen 7 october 2021
https://www.canada.ca/en/department-finance/news/2021/03/government-announces-wage-and-rent-subsidy-amounts-to-remain-unchanged-through-to-june.html seen 21 september 2021